Litclub.ge

* * * "არ მიყვარს კაცი, რომელიც"
არ მიყვარს კაცი, რომელიც ფულის ჭკუაზე დადის,
არადა - ფული ყოველთვის თავის ჭკუაზე მატარებს,
ლარებზე დავახურდავე ასი დოლარის დარდი,
ვერ მიშველა და წყეული ცხარე ცრემლებით მატირებს.
ერთის და არა ერთ-ერთის, ათის და არა ათ-ათის
მჯერა და მეარშიყება ჯადოსანი და ჯადო:
დაუცხრომელი მეძავი ხელიდან ხელში გადადის,
დიდხანს არ გაგიჩერდება, რაც უნდა შეეცადო:
ვხარჯავ - ვარსებობ - ვხარჯავ და მამშვიდებს დოლის დოლური 
და მირჩევნია ნახევრის ნახევარს - სანახევრო,
რაღას მიქვია ლარი და რაღას მიქვია დოლარი,
როდესაც მთელი ევროპა ლამის წაიღოს ევრომ.
ბანკირმა წაიბანკირა, არტისტმა წაიარტისტა,
თავსა სდებს ოსტატობაზე - აშკარა დიდოსტატი,
არ მიყვარს კაცი, რომელიც ევროს ჭკუაზე დადის და
ქვეყანა მიყვარს, რომელიც ლარის ჭკუაზე დადის.