ლექსად ისევ ისე ძველი მოტივები.
დაგვრჩა არავინ და თითქმის არაფერი.
როცა გადავწყვიტეთ სახლის მიტოვება,
წამიც ჩვენ რატომღაც მაშინ გავაჩერეთ.
მერე მე დავიწყე ბედთან შერიგება.
უნდა გამოგიტყდე რთულად, გაჭირვებით.
მაგრამ წაგებასაც ხომ არ შეგარგებენ
ფიქრად მოგზავნილი წლები _ ნაბიჭვრები.
და თუ გეუბნები, კი არ ვტყუი ხოლმე,
რომ მე მივეჩვიე მართლა უშენობას.
ოღონდ სულ თავიდან ნუღარ მომაყოლებ
მაგ თმებს ეს ქარები როგორ ამშვენებენ.
ან, რად ავიჩემე უქმად ხეტიალი
და რომ შედგენილი ჩემი მარშრუტები
გახდა მოსაწყენი, როგორც სერიალი.
ვიხმე ფანტაზია, ისევ დაუშრეტი _
ჰოდა, გადავარქვი ქუჩებს სახელები:
აღარც მეფეების, აღარც პოეტების,
ასე მოვიარე მე დღეს გახელებით
უკვე უშენობის ქუჩა-პროსპექტები.
ხოლო მზრალობაა ისევ შენს თვალებში
და მეც ძველისევდაშესისხლხორცებული
სიკვდილს ვეომები როგორც გილგამეში,
ძალით, რა თქმა უნდა, შენი მოცემულით.
თუმცა იმ დროიდან თითქმის არაფერი
უკვე აღარ დაგვრჩა მხოლოდ მოტივები.
თურმე რა უაზროდ წამი გავაჩერეთ,
თურმე რა უაზრო იყო მიტოვება.