შეჩვეული ვარ შექებას;
შეჩვეული ვარ ძაგებას;
შეჩვეული ვარ მოგებას;
შეჩვეული ვარ წაგებას;
შეჩვეული ვარ დანგრევას;
შეჩვეული ვარ აგებას;
გაჩენილი ვარ ტანჯვისთვის _
სამტროდ,
საცემრად,
საკეპად...
მიჩვეული ვარ ძაგებას;
მიჩვეული ვარ შექებას;
მიჩვეული ვარ ლოყაზე
ძვირფასი ხელის შეხებას;
შაშვი რომ გალობს ცისკრისას,
გალობა _ მეც შემეხება!
მზე რომ ამოდის _ მგონია,
მე შემხვდა,
მე შემეგება...
ვწერ სიხარულებს!
ვწერ ტანჯვას!
ვწერ საღამო ხანს!
ვწერ დილით!
ცხოვრების წიგნი მთავრდება,
აკლია მხოლოდ წერტილი...