მთვარე,რომელიც არი ბურთივით,
მთვარე, რომელიც ოდნავ იცინის,
არის ოქტომბრის და ჩემ სოფელში
მალე დაიჭერს მკაცრი სიცივე.
შემოაჭკნება ხეებს ადესა,
დაიკიდება ჭერზე ჩამიჩი.
და ბებომ ნიჩბით უნდა დაუწყოს
კარზე მოწოლილ ზამთარს ჩალიჩი.
მე ის დროც მახსოვს,
ცხრათავისპირში ბაბუაჩემი რო ნადირობდა.
მიუსხდებოდნენ მჭვარტლიან ბუხარს
და ქეიფობდნენ ის და იროდა.
იქ ნაადრევად იცოდა თოვლი,
და ნაადრევად იყო მზადება;
ვენახებს, ასე სათუთად მოვლილს,
ვერ მოვუარეთ ახალგაზრდებმა...
მთვარე, რომელიც არი ბურთივით,
მთვარე რომელიც ოდნავ იცინის,
არის ოქტომბრის და იმერეთში
მალე დაიჭერს მკაცრი სიცივე.