Litclub.ge

ბოშა ქალი
გარუჯული ბოშა სივრცეს მიაქანებს,
ღიად დარჩენია გულისპირს კარები,
მიდის, მიირწევა, როგორც იალქანი,
ტანს ეტმასნებიან ვაჟები თვალებით.
მზერებს აისხლიტავს და ბუმერანგივით
უკანვე ბრუნდება ნასროლი ალები,
წამით შეყოვნდება, ჰაერს გააქვავებს,
შეეთამაშება ჰორიზონტს ამრეზით.
ყელწამოღერებულს ცეცხლის ენასავით,
სისხლისფრად ატყვია ბაგეზე ხალისი,
ჯერ ისევ ნორჩია, მაგრამ სიამაყე
აქალებს, ამშვენებს... თავადაც არ იცის.
და ბოშა მიარღვევს წვივებით არშიებს,
მიდის, მიირწევა, როგორც იალქანი,
სულს ამღვრევს, ანაყრებს, ალაღებს, აშინებს,
დალალებს უკოცნის ღელვით ნიავქარი.