Litclub.ge

სამშობლოს
ჯავრმა გათელა სული საბრალო,
ამიტომ ცრემლი თვალს წყდება მძივად;
ამინდს როგორ და რა დავაბრალო,
არა _ სხეულზე, სულში რომ მცივა?!
დღეს ჩემთვის ზღვაზე არ ჩანს თოლია,
ვეღარ ანათებს რატომღაც ქედს მზე,
და რადგან ჯავრი შენაც გქონია,
ზედ დაგემხობი ნაწამებ მკერდზე.
ჩვენ მოვხვდით სულის ტკივილის დროში,
მომხვდურს როგორ და რა დავაბრალოთ...
გადავიფაროთ ნაგლეჯი დროშის,
ნაწამებლებმა ისევ საბრალოდ.
ხმა აღარ მესმის კლავიშთა, სიმთა,
სევდის ნაკვალევს გრიგალი ვერ შლის...
ვაჰ, გული ისე უღვთოდ გასივდა,
ვერასგზით ვეღარ ეტევა მკერდში.
ჩვენ ორნი მოვხვდით დროში ტკივილის,
ვეღარ ანათებს დღეს ჩვენთვის ქედს მზე.
და განწირული სულის კივილით
უნდა დაგემხო ნაწამებ მკერდზე...