Litclub.ge

მანეს იასამანთან და..
მანეს იასამანთან და
მონეს იასამანთან
მზემ გოიას საქანელა
გაჰკიდა და გამართა.
ხოკუსაის მთებზე ენთო
კოროს შარავანდედი,
იღვიძებენ
ვან გოგის და რენუარის ვარდები.
არც როდენის ქარი ჩანდა _
უთავისებურესი _ არც ვრუბელის
ღრუბელი და
არც რემბრანდტის ბურუსი.
ორი ფერი ბატონობდა 
შერწყმით და შეთავსებით:
ხან სეზანის ფორთოხლები,
ხან მატისის თევზები.
ველასკესის მეძებარი
აღარავის უყეფდა,
ფიროსმანაშვილის
შველი იდგა რუსოს მუხებთან.
დორეს ედემს ფერს მატებდა _ 
ტინტორეტოს ედემი,
ვერონეხეს ლაჯვარდები
და პიკასოს მტრედები.
გადაევლო ცას
რუბენსის ცისარტყელა ხალასი,
ბოტიჩელის გაზაფხული
შედიოდა ძალაში.
შემოვიდა ცხრა ნაცნობი
და ბაღს დაეპატრონა
ტიციანის მადონა და
ვან ეიკის მადონა და
ვან დეიკის მადონა და 
ბოსხის, გრეკოს, ლეონარდოს,
ჯოტოს, მიქელანჯელოს და
რაფაელის მადონა.