გავხედავ ხვართქლნარევ ორღობეს,
ღელეთა მწუხრშო ჩახვეულ ლანდებს,
მთის რვეროებთან მიხვეტილ ღრუბლებს
და ხიდის ყურზე წარმაგ ნალბანდებს.
ტოტის დარყვეტა, ტანა ნარიყი-
როცა ვიგონებ, ფათფათი მჭვალავს,
როგორც თვისტომი, ისე ვუყვარდი
გვრიტების პრთებით მოჭედილ ჭალას.
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ,
დურდღლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო.
ქვებივით დამრჩა გულის სიყარზე
ჭადრების ბინდი, კაკლების წენგო.
უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,
ფერისცვალება, საფლავზე ხილი,
ამბრიანთ ოჩას დუქნის დუდუკი
და გალავანთან ჭრაქებით ლხინი.
პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი,
ეტიდან ეტში იების გუბე,
დილით თივის ქვეშ შველი ბარათი:
'' რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე''.
აქ ბარბარუკა, იქ ნიშხა-ნიშხა,
კვერნაკის ვაკე, რუხი მინდორი.
მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,
მდინარის გაღმა ვეება ქორი.
ჩიტების როკვაბოკრო საბძელთან,
მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები,
ხან რუს ჩხრიალზე ღამე ნაძვებთან,
ციცინათელას შუქის წვეთები.
ჭოტის ქოქოლა ჩვეენს ცაცხვის თავზე,
ჭრაქის კიაპი, საქონლის ფშვინვა,
კერძით გასვრილი ჯამი თაროზე
და ძველი სახლი წისქვილის წინა.
წარსულს ჩამორჩი წარსულის ფერფლი,
მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს.
როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,
როგორ მინდოდა იქ მოვკმდარიყავ.