თამაზ ჩხენკელს
მეც დამელოდე გაზაფხულამდე,
სანამ შესცურავს ტბებში ნიავი.
ირემი წყალშ შევა მუხლამდე -
ლამაზი, სახეგაუქირდავი.
სანამ ხასხასა ჭავლთა თაიგულს
გედის სველ ფრთებში ჩაეძინება,
მოვალ და მეტყვი: წმინდა თაგორი
ინდოეთიდან მოედინება.
და ამ ზვირთებშ სულ კარგად მოჩანს
რაბინდრანატის ზარების გლოვა.
ბუდას ლოცვებით ვინც გადარჩება,
მისტერიებით ის დაითრობა.
მოქუხს პოეტის დიდი მდინარე,
გვრიტების სტვენა მოსწყდება ჭალას,
მე წაგიკითხავ ვარდებს, ბენარესს,
შენ კი მიმღერებ შენს გიტანჯალას.