მთვრალი ვარ ღვინით, მივალ, ვტორტმანებ.
ჩემ გულში მღვრიე სიცოცხლე ღმუის.
ბინდი ჩაუდის ციურ ტატნობებს
და მონასტრის ხმა რაღაცას სტყუის.
ხალხი დაღდაღებს, მარტო მივდივარ.
ბედის სიუხვე რას დამამშვიდებს...
ვინ დამაოკებს ფიქრებით მდიდარს,
სად, ვინ იხილავს ჩემს პანაშვიდებს?!
ქუჩებს ვაწყდები... რაღაცას ვდარდობ.
მეძავი დამდევს, ვით ძუკნა ძაღლი,
ორივე გზიდან გადავვარდნილვართ:
სარდაფი, ღამე აყალმაყალი...