გახსოვს ბაღები, სიმღერა, ჟრჟოლა,
ყვავილნარევი ძეძვის ორღობე,
ერთხელ რომ ლექსი გითხრა ტოროლამ
და შენ ბავშვივით რომ მოიღრუბლე?
ტოლებთან ერთად მარწყვზე შეხვედრა,
ცივცივი წყარო, ჭალა, მინდორი,
ბინდში ნახირის მუნჯი ვედრება,
მდინარის გაღმა ვეება ქორი.
შექვავებული მთებზე ცხვრის ფარა,
ჩვენი ზედა რუ, და ეზო თქვენი,
კაკლის რტოებში გაჭრილი შარა
და დოესელი მესაფლავენი.
ამ ეკლესიას თხელ ქონგურებით
ვიგონებ, თითქოს გული ველდება...
ნეტავ თუ კიდევ ხატი, ურმები
ოდესმე სადმე გამახსენდება.