შადრევნის ახლო ბუჩქი ყვავის თუ მარმარილო...
შრიალებს ბედი, ბედი მწარე და სასაცილო.
უახლოვდება თეთრი ნავი მივარდნილ ყურებს,
მოგონებები დაფრინავენ და გზა უყურებს.
ზვირთივით თვალებს გარეთ მოაქვთ დარდის კენჭები.
ინძრევა მიწა ღამეების ჩქარი ჭენებით.
შიშველ ფეხებზე ჩუმად მკოცნის უცნობი ლანდი.
ქარებს წუხელის აუყრიათ მზის ლიანდაგი.
სიკვდილზე ასჯერ მაღალია ბინდის ძახილი.
ადის და ჩადის ცაში მთების უღელტეხილი.
ბავშვურ სიყვარულს გული რაღას გაიმეორებს.
საღამო ჰქრება და, ხეებზედ სძინამთ ჩიორებს.