შენ ხმაურობდი მბორგავ თერგივით,
ხალხის სიმღერავ, ცამდე მართალო,
ბრგე მხრებზე გესხა მთების პერანგი,
ქართული ლექსის შნო და ბაჯაღლოვ.
ოქროსდარ აკვნებს ეძებდი ტბაზე,
ვით ივერიის ბრწყინვალე ზოდებს,
შენი ფიქრები თეთრ ნისკარტებით
ერის სიხარულს ეზიდებოდნენ.
ბილწს და ჯალათებს, როგორც ყალათმას,
ვეღარ იტანდი მათი მქიდრავი,
ჩვენი სამშობლოს აღთქმა იყავი
და ბედკრულ კაცის გულთამხილავი.
ბობოქარ ტალღებს ჰგავდი, უბრალო,
ხან სინაზით კი კეთილ დედაშენს.
როგორ უდროოდ მოგიღეს ბოლო,
დიდი მამულის ტვინს და ზედაშეს.
მაგრამ ის, რასაც წერდი, მგოსანო,
საუკუნეთა ყამირს გადახნავს,
შენ უკვდავებამ ადრე მოგაგნო,
რადგან პოეტთა გუთნისდედა ხარ.